უკვდავი ინგლისური ფრაზები, რომლებშიც გრამატიკული შეცდომებია დაშვებული

ხშირად გვგონია, რომ გრამატიკული წესების დარღვევა მხოლოდ დამწყებებს ეპატიებათ. თუმცა, ისტორია და პოპ-კულტურა სავსეა ისეთი მომენტებით, როცა მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა, პრეზიდენტებმა და გენიოსმა მწერლებმაც კი უხეში შეცდომები დაუშვეს. ზოგჯერ ეს შემთხვევითობა იყო, ზოგჯერ კი – შეგნებული არჩევანი ეფექტის გასაძლიერებლად.

თუ ინგლისური ენის შესწავლისას ხშირად ნერვიულობ არტიკლებზე, დროებსა თუ არაწესიერ ზმნებზე, ეს სტატია შენთვისაა. ერთის მხრივ, ის გაჩვენებს, რომ შენ მარტო არა ხარ და ცნობილი ვარსკვლავები და პრეზიდენტებიც უშვებენ შეცდომებს. მეორეს მხრივ, ეს სტატია დაგეხმარება იმის გააზრებაში, რა შეცდომები მოსულა და რა – არა, ან რა შეცდომები მოსულა შექსპირისთვის და სტივ ჯობსისთვის, მაგრამ არ მოსულა შენთვის. 

რას ნახავ ამ ბლოგში

ნილ არმსტრონგი და მთვარეზე დაკარგული არტიკლი

“That’s one small step for man, one giant leap for mankind.”

როცა ნილ არმსტრონგმა 1969 წელს მთვარეზე ფეხი დადგა, მან წარმოთქვა ისტორიული სიტყვები: “ეს არის ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის (man), მაგრამ დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის (mankind).”

პრობლემა ისაა, რომ ამ ფრაზაში დაირღვა ინგლისური ენის გრამატიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური წესი. თვლადი არსებითი სახელები მხოლობით რიცხვში, როცა მათზე ვსაუბრობთ ზოგადად, არასდროს გამოიყენება განუსაზღვრელი არტიკლის გარეშე. ერთი ადამიანი ინგლისურად არის “a man” და არა “man”. იმის გამო, რომ ქართულში არტიკლები საერთოდ არ გვაქვს, ამ წესს ქართველები ძალიან ხშირად ვარღვევთ ინგლისურად საუბრისას. 

მაგრამ მარტო ეს არ იყო პრობლემა. სიტყვას “man” არტიკლის გარეშე დამატებითი მნიშვნელობა აქვს და ნიშნავს მთელ კაცობრიობას, ადამიანთა მოდგმას. მაგალითად:

ანუ გამოდის, რომ ნილმა თქვა: “ეს არის პატარა ნაბიჯი კაცობრიობისთვის, მაგრამ დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის”. მთელი აზრი დაიკარგა, არა? წესით, მას უნდა ეთქვა “for a man”, რაც ნიშნავს, რომ ეს იყო მცირე ნაბიჯი ერთი ადამიანისთვის ანუ თავად ნილისთვის. 

თავად არმსტრონგი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მან თქვა “a”, უბრალოდ რადიოს ხარვეზის გამო არ ისმოდაო. ამ საკითხზე უამრავი კომპიუტერული ანალიზი ჩატარდა. ბოლო პერიოდის კვლევები უფრო მეტად იქით იხრება, რომ მან ეს არტიკლი მართლაც გამოტოვა. ეტყობა, მთვარეზე პირველი ნაბიჯის დადგმის ნერვიულობამ თავისი ქნა.

დღეს ვიკიპედიაში ეს ცნობილი ფრაზა მოცემულია ასე:

“That’s one small step for [a] man, one giant leap for mankind.”

თამამად წავიდეთ იქ, სადაც გრამატიკის სპეციალისტები არასდროს ყოფილან

“To boldly go where no man has gone before.”

ამ ფრაზით იწყება Star Trek-ის ყველა ეპიზოდი. ეს სერიალი 60 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ არ წყდება დრამა იმაზე, ჰქონდათ თუ არა უფლება, ასე უხეშად გაეხლიჩათ ინფინიტივი. 

ინგლისურში ზმნის საწყისი ფორმა (ინფინიტივი) შედგება ნაწილაკისგან “to” და თავად ზმნისგან. ტრადიციული გრამატიკის მიხედვით, ამ ორ სიტყვას შორის სხვა სიტყვის ჩაკვეხება აკრძალულია. შესაბამისად, არასწორია “To boldly go” და სწორია “To go boldly”.

მართლა შეცდომაა?

ეს “აკრძალვა” მე-19 საუკუნეში გაჩნდა. იმ დროის გრამატიკოსებს სურდათ, ინგლისური დაემსგავსებინათ ლათინურისთვის, რომელიც “იდეალურ” ენად მიიჩნეოდა. ვინაიდან ლათინურში ინფინიტივი ერთი სიტყვაა და მისი გაყოფა ფიზიკურად შეუძლებელია, მათ ჩათვალეს, რომ ინგლისურშიც ასე უნდა ყოფილიყო. ეს იყო ხელოვნური წესი, რომელიც ინგლისური ენის ბუნებრივ სტრუქტურას არ შეესაბამებოდა. 

დღეს წერის სტილის წამყვანი სახელმძღვანელოები (მაგალითად, The Chicago Manual of Style და The Oxford Guide to Plain English) აღნიშნავენ, რომ ინფინიტივის გაყოფა აბსოლუტურად მისაღებია და ზოგ შემთხვევაში აუცილებელიც კი. მაგალითად:

გრამატიკული შეცდომა, როგორც პროტესტის ფორმა

“We don’t need no education.”

სიმღერის ტექსტი გვეუბნება: “ჩვენ არ გვჭირდება არანაირი განათლება”. ეს წინადადება ქართულში აბსოლუტურად სწორია, თუმცა, ქართულისგან განსხვავებით, ინგლისურში ორმაგი უარყოფა შეცდომაა. შესაბამისად, გრამატიკულ წესებს რომ მკაცრად მიჰყოლოდნენ, სიმღერაში იქნებოდა ამ ორ ვარიანტიდან ერთ-ერთი:

თუმცა, ეს შეცდომა ძალიან გავრცელებულია ყოველდღიურ საუბარში და სლენგში. პინკ ფლოიდის შემთხვევაში ქუჩური ენის გამოყენება იყო პროტესტის გამოხატულება. ამ სიმღერით ისინი აკრიტიკებდნენ განათლების სისტემას, რომელიც გულისხმობა მკაცრ მასწავლებლებს, რომლებიც ასეთი შეცდომების გამო თითებზე სახაზავს ურტყამდნენ ბავშვებს. 

პინკ ფლოიდი არ იყო ერთადერთი, რომელმაც ორმაგი უარყოფა გამოიყენა სიმღერის ტექსტში. აი კიდევ რამდენიმე მაგალითი:

საყვარელო, მე ბავშვები... დაპატარავებული?

“Honey, I shrunk the kids.”

ეს არის 80-იანი წლების ცნობილი კომედიის სათაური, რომელშიც ზმნის არასწორი ფრომაა გამოყენებული.

ინგლისურში არსებობს არაწესიერი ზმნები, რომელთა ფორმებიც ზეპირად უნდა ვისწავლოთ. ასეთებია, მაგალითად:

ზმნის მეორე ფორმა წარსულ დროში გამოიყენება, მესამე ფორმა კი ზედსართავად გამოიყენება და მას დაესმის კითხვა “როგორი?”. მაგალითად, “sung” არის ნუმღერი, “rung” კი – “დარეკილი”. ფილმის სათაური წარსულ მოქმედებას ეხება, ამიტომ უნდა ყოფილიყო “I shrank the kids”. 

თუმცა, ამერიკულ სასაუბრო ინგლისურში ხშირად ხდება მეორე და მესამე ფორმების არევა და ფორმა “shrunk” ზოგჯერ გამოიყენება წარსულ დროშიც. პროდიუსერებმა ჩათვალეს, რომ “shrunk” უფრო ლამაზად ჟღერდა, ვიდრე გრამატიკულად გამართული “shrank”.

იფიქრე განსხვავებულად თუ განსხვავებულზე?

“Think Different.”

ეფლის ლეგენდარული სლოგანი, რომელმაც სამყარო შეცვალა, ბევრის აზრით, გრამატიკულად… ცოტა მოიკოჭლებს.

ინგლისურ ენაში ზმნას (think) სჭირდება ზმნიზედა (differently), რათა აღწეროს, თუ როგორ უნდა ვიფიქროთ. ზედსართავი (different) არსებით სახელთან გამოიყენება და გვეუბნება, როგორია საგანი. ინგლისურში ზმნიზედები ხშირად იწარმოება ზედსართავებისგან “ly” სუფიქსის დამატებით.

მართლა შეცდომაა?

თუმცა ინგლისურში არსებობს ზმნიზედები, რომლებსაც არ აქვთ “ly” სუფიქსი (მაგალითად, “drive fast” ან “think big”). გარდა ამისა, ამერიკულ სასაუბრო ინგლისურში ასევე ხშირია “ly” სუფიქსის მოშორება ისეთი ზმნიზედებისგან, რომლებსაც ის აქვთ სტანდარტულად. მაგალითად, ყოველდღიურ საუბარში შეხვდებით ფრაზებს “eat healthy” და “drive safe” (ნაცვლად გრამატიკულად სწორი ფრაზების “eat healthily” და “drive safely”). Apple-ის ლეგენდარული სლოგანიც შეიძლება ამ კატეგორიას მივაკუთვნოთ. 

თავად სტივ ჯობსი განსხვავებულად იმართლებდა თავს სლოგანთან დაკავშირებით. მისი თქმით სლოგანი განსხვავებულად ფიქრისკენ კი არ მოგვიწოდებდა, არამედ რათაც განსხვავებულზე ფიქრისკენ. მაგალითად, ფრაზა “Think victory” ნიშნავს “წარმოიდგინე გამარჯვება”. ანალოგიურად, “Think different” შეიძლება ნიშნავდეს “წარმოიდგინე განსხვავებული”. ასე თუ მივუდგებით, სულაც არ გამოდის შეცდომა. ასეა თუ ისეა, ეს სლოგანი უკვე ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ისტორიაში და ამას ვერც ერთი ლინგვისტი ვეღარ შეცვლის. 

შეცდომა, რომელიც ბობ დილანს ეპატიება, მაგრამ შენ არა

“Lay, lady, lay.”

ბობ დილანის ეს სიმღერა კლასიკაა, მაგრამ ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ის ნამდვილი კოშმარია. აქ გვაქვს “lie” და “lay” ზმნების აღრევა, რომელიც ინგლისურად მოსაუბრე ადამიანებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. 

“Lie” ნიშნავს წოლას. ის გარდამავალი ზმნაა ანუ ობიექტი არ სჭირდება. მისი წარსული ფორმა არის “lay”. მაგალითად:

“Lay” ნიშნავს რაღაცის დადებას ან დაწვენას. ის გარდამავალი ზმნაა და ყოველთვის სჭირდება ობიექტი. მისი წარსული დროის ფორმა არის “laid”. მაგალითად:

სიმღერაში დილანი მღერის “დაწექი, ქალბატონო”, ამიტომ სწორი ფორმა იქნებოდა: “Lie, lady, lie”. თუმცა, “lie” არ ერითმებოდა “stay”-სა და “play”-ს, ამიტომ დილანმა გრამატიკას რითმა არჩია. 

მართლა შეცდომაა?

კი, ნამდვილად შეცდომაა გრამატიკულად, მაგრამ იმდენად გავრცელებულია, რომ ბევრი ამერიკელი და ბრიტანელიც კი ვეღარ ხედავს განსხვავებას ამ ორ ზმნას შორის.

რაც ბრწყინავს, არაფერი ოქრო არაა

“All that glitters is not gold.”

ეს ფრაზა ხშირად გვხვდება როგორც ანდაზა, თუმცა ის პირველად შექსპირმა გამოიყენა პიესაში “ვენეციელი ვაჭარი”. ჰო, გვყოფნის თავხედობა, რომ შექსპირსაც გავუსწოროთ შეცდომები.

თუ ამ წინადადებას პირდაპირი მნიშვნელობით წავიკითხავთ, ის ნიშნავს: “ყველაფერი, რაც ბრწყინავს, არ არის ოქრო”. ქართულად აზრი სრულიად გასაგებია, მაგრამ ინგლისურად გამოდის, რომ მბრწყინავი საგნებს შორის ყველა (თითოეული) მათგანი არ არის ოქრო, ანუ გამოდის, რომ საერთოდ არაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არაა. გრამატიკულად და ლოგიკურად გამართული ფრაზაა: “Not all that glitters is gold” – ანუ იმ საგნებს შორის, რაც ბრწყინავს, ყველა მათგანი არაა ოქრო. 

ჯორჯ ბუში და “ბუშიზმები”

“They misunderestimated me.”

ამერიკის ექს-პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უმცროსი, ნამდვილი “ლეგენდაა” ენობრივი შეცდომების დარგში. მის მიერ დაშვებული შეცდომები იმდენად ბევრია, რომ მათ ცალკე სახელიც კი ჰქვიათ – “ბუშიზმები” (Bushisms).

“They misunderestimated me.” ეს არის ალბათ ყველაზე ცნობილი ბუშიზმი. აქ პრეზიდენტმა ერთმანეთს ორი სიტყვა გადააბა: misunderstood (არასწორად გამიგეს) და underestimated (სათანადოდ ვერ შემაფასეს). ამას ლინგვისტიკაში portmanteau ჰქვია (როცა ორი სიტყვისგან ახალი იქმნება), ოღონდ ამ შემთხვევაში ეს სრულიად შემთხვევით და არასწორად მოხდა. თუმცა, ფრაზა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ოქსფორდის ლექსიკონშიც კი შეიტანეს, როგორც იუმორისტული ნეოლოგიზმის მაგალითი. 

სხვა ცნობილი ბუშიზმებია:

Scorpions და “გერმანიზმები”

“I’m still loving you.” 

ინგლისურ ენაში არსებობს მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნები (მაგალითად, love, know, believe), რომლებიც არ გამოიყენება continuous ასპექტში. შესაბამისად, სწორი ფორმა არის “I still love you”.

Scorpions გერმანული ჯგუფია. რადგან ინგლისური მათი მშობლიური ენა არაა, ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ გრამატიკული შეცდომებით და “გერმანიზმებით” ანუ გერმანულიდან სიტყვასიტყვით გადმოტანილი ფრაზებით. 

რაც შეეხება მაკდონალდსის სლოგანს “I’m loving it”, ამ შემთხვევაში ზმნა “love” არა სიყვარულს, არამედ სიამოვნების პროცესს აღნიშნავს, ამიტომ ამ შემთხვევაში ის შეიძლება იყოს continuous ასპექტში.

ცუდი რომანი თუ ცუდი გრამატიკა?

“You and me could write a bad romance.”

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ინგლისურში – ნაცვალსახელის ბრუნვების აღრევა. ნაცვალსახელი “me” მიცემით ბრუნვაშია, შესაბამისად ის გამოიყენება ობიექტის შემთხვევაში, ხოლო როცა სუბიექტს ანუ მოქმედ პირს ვეხებით, უნდა გამოვიყენოთ სახელობითი ბრუნვის ნაცვალსახელი “I”. მეორე პირის ნაცვალსახელი “you” ბრუნვის მიხედვით არ იცვლება. შესაბამისად, “you and me” არის ობიექტი, “you and I” კი – სუბიექტი. მაგალითად:

ეს შეცდომა იმდენად გავრცელებულია ინგლისურში, რომ ლედი გაგასაც ეპატიება და შენც. ამიტომ ძალიან ნუ ინერვიულებ ამ საკითხზე. 

დონალდ ტრამპი და მისი “საუკეთესო სიტყვები”

“I know words. I have the best words.”

ამ ფრაზაში გრამატიკული შეცდომა არაა, მაგრამ სტილისტურად ნამდვილი ჯოჯოხეთია. აქ მთავარი პრობლემა ლექსიკური მარაგის სიმცირეა. ფრაზა იმას ეხება, თუ რამდენად კარგად “ფლობს სიტყვებს” დონალდ ტრამპი. ძალიან სასაცილოა, რომ მან ეს აზრი გადმოსცა ასეთი პრიმიტიული ლექსიკით, ასე მოუქნელად და მოახერხა, რომ 8 სიტყვიან ფრაზაში სიტყვა “words” ორჯერ გამოეყენებინა. 

ღარიბი გოგო და კავშირებითი კილო

“If I was a rich girl …”

ინგლისურში, როცა ვსაუბრობთ ჰიპოთეტურ, არარეალურ სიტუაციაზე (ნატვრები, პირობითი წინადადებები), ყველა პირთან ვიყენებთ ფორმას “were” და არა “was”. ამას ჰქვია კავშირებითი კილო. მაგალითად:

გვენ სტეფანი მღერის იმაზე, თუ რას იზამდა, მდიდარი რომ ყოფილიყო. რადგან ეს წარმოსახვითი სიტუაციაა, გრამატიკულად სწორი ფორმა იქნებოდა: “If I were a rich girl”. 

მართლა შეცდომაა?

თანამედროვე ინგლისურში, ამერიკაშიც და ბრიტანეთშიც, “If I was” იმდენად გავრცელებულია, რომ მას შეცდომად თითქმის აღარავინ აღიქვამს მკაცრი გრამატიკის მასწავლებლების გარდა. 

“უფრო სრულყოფილი” კავშირი

“We the People of the United States, in Order to form a more perfect Union, …”

ამ ფრაზით დაიწყეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია დამფუძნებელმა მამებმა. ისე გამოვიდა, რომ კონსტიტუციის პირველივე წინადადებაში გრამატიკული შეცდომაა. 

ინგლისურ ენაში არსებობს არადახარისხებადი ზედსართავები, რომლებსაც აბსოლუტური მნიშვნელოვა აქვთ და, შესაბამისად, ისინი არ შეიძლება იყვნენ უფრო მეტად ან ნაკლებად გამოხატული. ასეთი ზედსართავებია, მაგალითად “pregnant”. ასეთი ზედსართავების წინ ვერ ვიყენებთ სიტყვებს “very” ან “more”. შეუძლებელია ადამიანი იყოს “ძალიან ორსული” ან “მეტად ორსული”. შესაბამისად, არასწორია “very pregnant” და “more pregnant”. ზუსტად ამ ზედსართავების ჯგუფს განეკუთვნება “perfect” და ამიტომ შეცდომაა “very perfect” და “more perfect”

ამ ფრაზით დამფუძნებელი მამები გულისხმობდნენ, რომ კავშირი უნდა მისულიყო უფრო ახლოს სრულყოფილებასთან, ვიდრე მანამდე იყო.

“ყველაზე ძალიან უსაშინლესი” შეცდომა

“This was the most unkindest cut of all.”

პიესაში “იულიუს კეისარი”, ბრუტუსის მიერ კეისრისთვის მიყენებული ჭრილობის აღსანიშნავად შექსპირმა გამოიყენა double superlative (ორმაგი აღმატებითი ხარისხი). 

ინლისურ ენაში აღმატებითი ხარისხი ორნაირად იწარმოება. მოკლე სიტყვების შემთხვევაში ვიყენებთ “-est” სუფიქსს (kindest, biggest), გრძელ სიტყვებთან კი – სიტყვას “most” (most beautiful, most annoying). ზედსართავი “unkind” საშუალო სიგრძის სიტყვაა, ამიტომ მასთან ორივე ვარიანტის გამოყენება შეიძლება, მაგრამ არა ორივესი ერთდროულად. სწორი ფორმებია:

მართლა შეცდომაა?

დიახ, თანამედროვე გრამატიკაში ეს ცალსახად შეცდომაა, მაგრამ შექსპირის დროს ორმაგ აღმატებით ხარისხს ხშირად იყენებდნენ ემოციის გასამძაფრებლად და ხაზგასასმელად.

მზეთუნახავი, რომელმაც მოკლა მხეცი

“It was beauty killed the beast.”

ეს არის ფილმ “კინგ კონგის” ფინალური და საკულტო ფრაზა. ამ ფრაზაში გამოტოვებულია მიმართებითი ნაცვალსახელი (that ან which). ამ ნაცვალსახელების გამოტოვებასთან დაკავშირებით ასეთი წესი გვაქვს. როცა ის სუბიექტს ანუ მოქმედ პირს ანაცვლებს, მისი გამოტოვება არ შეიძლება, მაგრამ თუ ის ობიექტს ანაცვლებს, მისი გამოტოვება შეიძლება. მაგალითად:

კინგ კონგის ცნობილ ფრაზაში სიტყვა “beauty” მოქმედ პირს აღნიშნავს, ამიტომ წინადადებაში აუცილებელია მიმართებითი ნაცვალსახელის გამოყენება. სწორი ფორმებია:

მართლა შეცდომაა?

დიახ, თანამედროვე ინგლისურში ეს საკმაოდ უხეში გრამატიკული შეცდომაა, თუმცა ძველ ინგლისურში მიმართებითი ნაცვალსახელის გამოტოვება საკმაოდ გავრცელებული იყო და შექსპირთანაც ხშირად გვხვდებოდა. პირველი “კინგ კონგი” 1930-იან წლებში გამოვიდა და ამ დროს ჯერ კიდევ არ ჟღერდა ეს ფრაზა უცნაურად. შემდეგ ეს ფრაზა იმდენად კლასიკად იქცა, რომ 2005 წლის რიმეიქშიც უცვლელად გადმოიტანეს. 

აბა, როგორ მოგწონთ ვაშლები?

“How do you like them apples?”

ეს ფრაზა დაახლოებით ნიშნავს “აბა, ამაზე რას იტყვი?”. ის ფილმიდან “Good Will Hunting” გახდა ყველასთვის ცნობილი, მაგრამ გაცილებით ძველია და პირველი მსოფლიო ომიდან მოდის, როცა ტანკსაწინააღმდეგო ჭირვს ეძახდნენ “ვაშლს” და ჯარისკაცები მათი გასროლისას მიაყოლებდნენ ხოლმე ფრაზას, “აბა, როგორ მოგწონს ეს ვაშლები?”

აქ შეცდომაა ნაცვალსახელისა და მსაზღვრელის გამოყენებაში. “Them” არის ნაცვალსახელი, ის ანაცლებს არსებით სახელს, ანუ მას არ მოსდევს არსებითი სახელი, “those” კი მსაზღვრელია, ანუ მას მოსდევს არსებითი სახელი, რომელსაც განსაზღვრავს. შესაბამისად, სწორი ფორმებია:

მართლა შეცდომაა?

მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტულ ინგლისურში “them”-ის გამოყენება მსაზღვრელად გრამატიკული შეცდომაა, ის გავრცელებულია ინგლისურის ბევრ დიალექტში. ფილმში ამ ფრაზის გამოყენება ხაზს უსვამს პერსონაჟის “ქუჩურ” და არაელიტურ წარმოშობას და მის დაპირისპირებას აკადემიურ სამყაროსთან.

იმის ცოდნა, თუ რატომ არის ესა თუ ის ფრაზა შეცდომა, გვეხმარება ენის უკეთ აღქმაში. ცნობილი ადამიანების მაგალითები საუკეთესო მასალაა გრამატიკის სასწავლად – ისინი უფრო დიდხანს გვამახსოვრდება, ვიდრე მშრალი სავარჯიშოები. მთავარია, ვიცოდეთ წესი, რათა შემდეგ შეგნებულად გადავწყვიტოთ, როდის დავარღვიოთ იგი ეფექტურად.

სარჩევი

“ბექას სკოლის” კურსები

ისწავლე ინგლისური ყველაზე კომფორტულ და მეგობრულ გარემოში საუკეთესო ქართველ და უცხოელ მასწავლებლებთან!

ჩვენს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებში აუცილებლად იპოვი ისეთს, რომელიც შენს საჭიროებებსა და მიზნებზეა მორგებული.

მსგავსი პოსტები