წინდებულები ჩვენი ტკივილია – 15 წინდებულიანი ფრაზა, რომლებსაც ქართველები ხშირად არასწორად ვიყენებთ

ინგლისურის სწავლისას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა წინდებულებია. პრობლემა ის არის, რომ ქართულ ფრაზებში ხშირად სხვა წინდებულებია გამოყენებული და შესაბამის ინგლისურ ფრაზებში – სხვა წინდებულები. ამიტომ ამ ფრაზებში ხშირად ვუშვებთ შეცდომას, რადგან ქართულ ფრაზებს სიტყვასიტყვით ვთარგმნით.

აი, 15 ყველაზე გავრცელებული შეცდომა და მათი სწორი ფორმები.

1. in a good mood (და არა on a good mood)

ქართულად ვამბობთ “კარგ ხასიათზე”, რის გამოც ბევრს ჰგონია, რომ ინგლისურ ფრაზაშიც “on” უნდა გამოიყენოს. სინამდვილეში, ინგლისურად “ხასიათში” ხარ და არა “ხასიათზე”.

2. reason for (და არა reason of)

ჩვენ ვამბობთ “რაღაცის მიზეზი” (ნათესაობითი ბრუნვა), რის გამოც ინგლისურ ფრაზაში ავტომატურად ვიყენებთ “of” წინდებულს. სწორი ფორმაა “reason for”.

3. married to (და არა married with ან married on)

ქართულად ვამბობთ “ვიღაცაზე დაქორწინებული” ან “ვიღაცასთან ქორწინებაში”. ინგლისურში შესაბამის ფრაზაში გამოიყენება “to” წინდებული და არა “with” ან “on”.

4. in the sun (და არა on the sun)

ქართულად ვამბობთ “მზეზე ყოფნას”, მაგრამ ინგლისურად ამბობენ “in the sun” – იგულისხმება მზის სინათლეში ყოფნა. ჩრდილში ყოფნის აღმნიშვნელ ფრაზაში ქართული და ინგლისური წინდებულები ემთხვევა ერთმანეთს – “in the shade”.

5. typical of (და არა typical for)

ქართულად ვამბობთ, რომ რაღაც მახასიათებელი ტიპურია “ვიღაცისთვის” ან “რაღაცისთვის”. ინგლისურში ეს ზედსართავი “of” წინდებულს მოითხოვს.

6. on the menu (და არა in the menu)

მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ვამბობთ “მენიუში”, ინგლისურ ფრაზაში “on” წინდებული გამოიყენება, რადგან კერძები მენიუს ზედაპირზეა დაწერილი.

7. on fire (და არა in fire)

უცნაურია, მაგრამ როცა რაიმეს ცეცხლი უკიდია, ინგლისურად ის არის “ცეცხლზე” და არა “ცეცხლში”.

8. in cash (და არა by cash)

ბარათით გადახდისას ვიყენებთ ფრაზას “by card”, მაგრამ ნაღდი ფულით გადახდისას რატომღაც გამოიყენება “in cash”.

9. good at (და არა good in)

როცა გვინდა ვთქვათ, რომ რაღაც კარგად გამოგვდის (მაგალითად, მათემატიკა), ქართულად ვამბობთ, რომ ძლიერი ვართ “მათემატიკაში”. ინგლისურში შესაბამის ფრაზაში გამოიყენება “at” წინდებული.

10. on the list (და არა in the list)

ქართულად ვამბობთ “სიაში”, თუმცა, რადგან სია ფურცლის ზედაპირზეა გამოსახული, ამიტომ ინგლისურში “on” წინდებული გამოიყენება.

11. at the meeting (და არა on the meeting)

როცა რაღაც პროცესს ვესწრებით, ქართულად ვიყენებთ “-ზე” წინდებულს, მაგრამ ასეთ ფრაზებში ინგლისურში “at” წინდებული გამოიყენება. ასეთი ფრაზებია, მაგალითად, “at the meeting”, “at the lesson”, “at the concert” და ა. შ. 

12. on the internet (და არა in the internet)

ეს ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ინგლისურში სატელეკომუნიკაციო პლატფორმებთან (TV, Radio, Internet) ყოველთვის “on” წინდებული გამოიყენება.

13. addicted to (და არა addicted on)

ქართულის გავლენით შეიძლება გვეგონოს, რომ რამეზე დამოკიდებულების აღსანიშნავად “on” წინდებული უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ინგლისურში ზედსართავი “addicted” ყოველთვის “to” წინდებულთან ერთად გამოიყენება.

14. for 2 years (და არა during 2 years)

როცა ვსაუბრობთ დროის ხანგრძლივობაზე, ქართულად ვამბობთ, მაგალითად, “2 საათის განმავლობაში”. ასეთ ფრაზაში ინგლისურში გამოიყენება “for” წინდებული. “During” გამოიყენება კონკრეტული მოვლენის დროს (მაგალითად, “during the film”).

15. responsible for (და არა responsible on)

ქართულად ვამბობთ, რომ პასუხისმგებელი ხარ “ვიღაცაზე” ან “რაღაცაზე”. ინგლისურად ზედსართავს “responsible” ყოველთვის “for” წინდებული მოსდევს.

სარჩევი

“ბექას სკოლის” კურსები

ისწავლე ინგლისური ყველაზე კომფორტულ და მეგობრულ გარემოში საუკეთესო ქართველ და უცხოელ მასწავლებლებთან!

ჩვენს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებში აუცილებლად იპოვი ისეთს, რომელიც შენს საჭიროებებსა და მიზნებზეა მორგებული.

მსგავსი პოსტები