ალბათ შენთვის ნაცნობია ის უცნაური, არასასიამოვნო გრძნობა, როცა სიტყვის თარგმანი იცი, მაგრამ წინადადებაში მის გამოყენებას მაინც ერიდები. თითქოს სიტყვა ენის წვერზე გადგას, მაგრამ ვერ ბედავ მის წარმოთქმას, რადგან არ ხარ დარწმუნებული. იქნებ ამ კონტექსტში სულ სხვა რამეს ნიშნავს? ან როცა წერ და ყოველ სიტყვაზე ჩერდები ფიქრით: ეს სიტყვა ამ სიტუაციაში ბუნებრივად ჟღერს? ზედმეტად ოფიციალური ხომ არაა? იქნებ ამერიკელები ასე საერთოდ არ ამბობენ?!
თუ კი, მარტო არ ხარ. ეს ის კითხვებია, რომლებზეც უბრალო ინგლისურ-ქართული ლექსიკონი პასუხს ვერ გაგცემს, რადგან მისი ფუნქცია მხოლოდ თარგმნაა და არა – სწავლება. ენის სიღრმისეულად დასაუფლებლად კი სრულიად სხვა ტიპის ინსტრუმენტი გვჭირდება – Learner’s Dictionary (ენის შემსწავლელთა ლექსიკონი), რომელიც სიტყვის უბრალო თარგმანის ნაცვლად, მის სრულ “პროფილს” გთავაზობს და ყველა იმ კითხვაზე გცემს პასუხს, რაც თავდაჯერებულობისთვის გჭირდება.
რას ნახავ ამ ბლოგში
რას ნიშნავს კარგი ლექსიკონი
კარგი ლექსიკონი უბრალოდ არ თარგმნის სიტყვას – ის გასწავლის მის გამოყენებას. იმისთვის, რომ ლექსიკონი შენს საუკეთესო დამხმარედ იქცეს, ის შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:
- მნიშვნელობების გარჩევა: ბევრ ინგლისურ სიტყვას ერთზე მეტი, ზოგჯერ კი ათობით მნიშვნელობა აქვს. კარგი ლექსიკონი თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე, ნომრებით გამოყოფს, უზრუნველყოფს ინდივიდუალური განმარტებითა და მაგალითით, რათა ზუსტად მიხვდე, კონკრეტულ კონტექსტში რომელი მნიშვნელობაა გამოყენებული.
- სწორი წარმოთქმა: უბრალოდ ტრანსკრიპციის ჩვენების ნაცვლად, გაძლევს საშუალებას, მოისმინო სიტყვის აუდიოჩანაწერი როგორც ბრიტანული, ისე ამერიკული აქცენტით. ეს თავდაჯერებულობას გმატებს საუბრისას.
- ფრაზები და სიტყვათშეთანხმებები (collocations): ეს ლექსიკონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ის გიჩვენებს, თუ რომელი სიტყვები გამოიყენება ყველაზე ხშირად ერთად (მაგალითად, make a mistake და არა do a mistake). ეს ბუნებრივი და გამართული მეტყველების საიდუმლოა.
- გრამატიკული მახასიათებლები: გაიგებ სიტყვის ტიპს (ზმნა, არსებითი სახელი, ზედსართავი), მის ფორმებს (მაგალითად, ზმნის სამი ფორმა), თვლადია თუ უთვლადი. ეს ტექნიკური დეტალები უამრავ გრამატიკულ შეცდომას აგარიდებს თავიდან.
- ბუნებრივი მაგალითები: ნაცვლად მოძველებული და ხელოვნური წინადადებებისა, თანამედროვე ლექსიკონები გთავაზობენ რეალურ, ცოცხალ მაგალითებს, რომლებიც აღებულია წიგნებიდან, ახალი ამბებიდან და საუბრებიდან.
- სტილი და რეგისტრი: ლექსიკონი განიშნებს, არის თუ არა სიტყვა ფორმალური, არაფორმალური, ლიტერატურული, მოძველებული ან ჟარგონული. ეს გეხმარება, ყოველთვის შესაფერისად ისაუბრო.
- სიტყვების დონე CEFR სისტემის მიხედვით: თითოეულ განმარტებას მითითებული აქვს, რომელი დონისაა ეს სიტყვა ამ მნიშვნელობით საერთო ევროპული სისტემის (Common European Framework of Reference) მიხედვით (A1, A2, B1, B2, C1 ან C2). ეს საშუალებას გაძლევს, რომ ფოკუსირდეთ იმ მნიშვნელობებზე, რომლებიც შენი დონისთვის არის საჭირო და არ დაკარგო დრო ისეთ სიტყვებზე ან ისეთ მნიშვნელობებზე, რომლებიც შენთვის ზედმეტად მაღალი დონისაა და ნაკლებად გავრცელებულია.
საბოლოოდ, ყველაფერი ერთ მთავარ იდეამდე დადის: განსხვავება სიტყვების მექანიკურ დაზეპირებასა და მათ ნამდვილ, სიღრმისეულ შეგრძნებას შორის. ეს არის გადასვლა შავ-თეთრი, უსიცოცხლო ლექსიკიდან ენის ცოცხალ, ფერად სამყაროში, სადაც თითოეულ სიტყვას და ფრაზას თავისი ხასიათი და ემოცია აქვს. სწორედ ამ სამყაროს კარს გიღებს კარგი ლექსიკონი და სწავლის პროცესს მოსაწყენი ვალდებულებიდან საინტერესო თავგადასავლად აქცევს.
სანამ კონკრეტული ლექსიკონების განხილვაზე გადავალთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს.
რატომ არ უნდა გამოვიყენოთ Google Translate
როცა ენის შემსწავლელებს ვეკითხებით, რომელ ლექსიკონს იყენებენ, ყველაზე ხშირი პასუხია Google Translate. მოდი, თავიდანვე შევთანხმდეთ ერთ საკვანძო საკითხზე: Google Translate ლექსიკონი არ არის. ის არის ძალიან მძლავრი და სასარგებლო სათარგმნი ხელსაწყო, მაგრამ არა – სასწავლო ინსტრუმენტი.
Google Translate-ს შეუძლია, ტექსტი შენ ნაცვლად თარგმნოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ პროცესში შენ რამეს სწავლობ. თუ შენი მიზანი უბრალოდ ტექსტის შინაარსის სწრაფად გაგებაა, Google Translate შესანიშნავი დამხმარეა. მაგრამ თუ გსურს, რომ ლექსიკა გაიმდიდრო, დაიმახსოვრო სიტყვები და ფრაზები და, რაც მთავარია, ინგლისურად ფიქრს მიეჩვიო, მაშინ აუცილებლად ნამდვილი ლექსიკონი გჭირდება.
რატომ არის ინგლისურ-ინგლისური ლექსიკონი შენი საუკეთესო მეგობარი
როგორ უნდა მიეჩვიო იმას, რომ ერთ ენაზე იფიქრო და გონებაში მუდმივად არ თარგმნო სიტყვები? რა თქმა უნდა, იმ შემთხვევას ვგულისხმობ, როცა ინგლისურენოვან გარემოში ხარ და გინდა, რომ ინგლისურად სწრაფად გამოხატო შენი აზრები გონებაში თარგმნის გარეშე. წარმოიდგინე, რომ შედიხარ ოთახში, სადაც ბუხარი ანთია, სავარძელზე კი რბილი პლედია გადაფარებული. როცა ქართულად აზროვნებ, გონებაში ჯერ სიტყვა მყუდრო მოგდის და შემდეგ თარგმნი – cozy. მაგრამ ყველას გვინდა, რომ ასეთ გარემოს რომ დავინახავთ, პირდაპირ გაგვახსენდეს სიტყვა cozy, არა?
ამაში გონება უნდა ვავარჯიშოთ, რომ ქართული, როგორც შუამავალი ენა, ამოვაგდოთ. ამის საუკეთესო საშუალება ინგლისური სიტყვების ინგლისური განმარტებებით სწავლაა. როგორც კი ამ მეთოდზე გადახვალ, მნიშვნელოვანია, სწორი ინსტრუმენტი შეარჩიო. აუცილებლად უნდა გამოიყენო Learner’s Dictionary (შემსწავლელთა ლექსიკონი), რადგან მასში განმარტებები მაქსიმალურად მარტივი და უკვე ნაცნობი სიტყვებითაა მოცემული.
აი, რას გაძლევს ეს მიდგომა:
- იგებ ნამდვილ მნიშვნელობას და ნიუანსებს. ორენოვანი ლექსიკონი გეტყვის, რომ opportunity არის შესაძლებლობა. ინგლისურ-ინგლისური ლექსიკონი კი განგიმარტავს: a time when a particular situation makes it possible to do or achieve something (დრო, როდესაც კონკრეტული სიტუაცია რაღაცის გაკეთებას ან მიღწევას შესაძლებელს ხდის). ამ განმარტებით ხვდები, რომ ეს არ არის ზოგადად შესაძლებლობა, არამედ ხელსაყრელი მომენტი ან სიტუაცია.
- იწყებ აზროვნებას ინგლისურად. განმარტების კითხვისას, შენ აიძულებ ტვინს, ახალი კონცეფცია უკვე ნაცნობი ინგლისური სიტყვების დახმარებით გაიგოს. ავიღოთ სიტყვა frustrated. ორენოვანი ლექსიკონი გეტყვის, რომ ეს არის იმედგაცრუებული ან გაღიზიანებული. ინგლისურ-ინგლისურ ლექსიკონში კი ნახავ განმარტებას: feeling annoyed or less confident because you cannot achieve what you want (გაღიზიანების ან თავდაჯერებულობის ნაკლებობის შეგრძნება, რადგან ვერ აღწევ იმას, რაც გინდა). ეს განმარტება გაიძულებს, დაფიქრდე, რა იწვევს ამ ემოციას (ვერ აღწევ იმას, რაც გინდა) და რა შედეგი მოაქვს (ხარ გაღიზიანებული ან ნაკლებად თავდაჯერებული). ეს არის რთული ემოციის ინგლისურად გააზრება და არა უბრალოდ თარგმნა.
- ამყარებ ლექსიკურ კავშირებს და სიტყვას უკეთ იმახსოვრებ. როცა ამ მეთოდით სწავლობ, ტვინში იქმნება არა ერთი-ერთზე კავშირი ინგლისურ და ქართულ სიტყვებს შორის, არამედ მთელი ქსელი ინგლისურ სიტყვებს შორის. ავიღოთ სიტყვა ambitious. მნიშვნელობა ისედაც გასაგებია, რადგან ქართულადაც ამ სიტყვას ვიყენებთ, მაგრამ ვნახოთ ინგლისური განმარტება: having a strong wish to be successful, powerful, or rich (გქონდეს ძლიერი სურვილი, იყო წარმატებული, გავლენიანი ან მდიდარი). ინგლისური განმარტება გეხმარება იმაში, რომ, როცა ამ სიტყვის გამოყენება დაგჭირდება, მისი ქართული თარგმანი კი არ გაგახსენდება, არამედ მასთან დაკავშირებული ინგლისური სიტყვები: wish, successful, powerful, rich, რაც წინადადების აწყობას და ინგლისურ ენაზე ამბიციების შესახებ საუბარს გაგიმარტივებს.
შეიძლება თავიდან ეს პროცესი ცოტა რთული და დამღლელი მოგეჩვენოს, მაგრამ გვენდე, კენწეროში გატკბილდების. ნელ-ნელა შეეჩვევი, რომ თავად შეძლო სიტყვის ინგლისურად განმარტება და შეამჩნევ, როგორ გადადის შენი ტვინი ინგლისურენოვან რეჟიმზე.
სიტყვების “დაგუგლვა” – როდის არის კარგი და როდის ცუდი
როდესაც ახალ სიტყვას ვხვდებით, ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა მისი Google-ში მოძებნაა. მაგალითად, ვწერთ “define gorgeous” ან “gorgeous meaning” და ვიღებთ პასუხს. მაგრამ აქ ერთი დიდი პრობლემაა: Google, როგორც წესი, გვაჩვენებს ოქსფორდის ლექსიკონის სტანდარტულ განმარტებას, რომელიც შექმნილია native speaker-ებისთვის და არა ენის შემსწავლელთათვის. შედეგად, განმარტება შეიძლება სავსე იყოს ისეთი რთული სიტყვებით, რომელთა გასაგებადაც ცალკე ლექსიკონი გჭირდება.
თუმცა, “დაგუგლვას” აქვს ერთი ძალიან ეფექტური და სასარგებლო მხარე – ეს არის Google Image Search, ანუ სურათებით ძიება. ეს მეთოდი იდეალურია, როცა კონკრეტული საგნების, ანუ არსებითი სახელების სწავლა გვინდა. მაგალითად, თუ გაინტერესებს, რა არის spatula (სამზარეულოს ნიჩაბი), მისი ინგლისური განმარტების გააზრებას შეიძლება ჯობდეს, უბრალოდ დაგუგლო სურათებში. ფოტო გონებაში ამყარებს პირდაპირ კავშირს საგნის ვიზუალსა და მის ინგლისურ დასახელებას შორის, ქართული თარგმანისა და რთული განმარტებების გარეშე. ეს არის ყველაზე ბუნებრივი და სწრაფი გზა კონკრეტული საგნების აღმნიშვნელი სიტყვების ასათვისებლად.
რა თქმა უნდა, ეს მეთოდი ვერ გამოგვადგება აბსტრაქტული ცნებების, ზმნების, ზედსართავი სახელების ან ზმნიზედების შემთხვევაში. ვერ “დაგუგლავ” სურათებში, თუ რას ნიშნავს, იყო frustrated ან რას ნიშნავს ზმნა to comprehend. ამ შემთხვევებში, ჩვენი საუკეთესო მეგობარი ისევ Learner’s Dictionary-ია.
ახლა კი, ვნახოთ კონკრეტული ლექსიკონები, რომლებიც ამ საქმეში საუკეთესოდ დაგეხმარება.
Cambridge Dictionary
კემბრიჯის ლექსიკონი (Cambridge Dictionary) არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და ფართოდ გამოყენებადი რესურსი ინგლისური ენის შემსწავლელთათვის, რომელიც იდეალურია როგორც დამწყებთათვის, ისე მაღალი დონის სტუდენტებისთვის.
ძირითადი მახასიათებლები
- მარტივი და გასაგები განმარტებები: კემბრიჯის ლექსიკონი გამოირჩევა თავისი ლაკონიური და ნათელი განმარტებებით, რაც იდეალურია ენის შემსწავლელთათვის, რომლებსაც რთული აკადემიური ტერმინოლოგია არ სჭირდებათ.
- მაგალითების სიმრავლე: თითოეულ სიტყვას ახლავს უამრავი მაგალითი რეალური კონტექსტიდან. წინადადებებში საკვანძო ფრაზები და სიტყვათშეთანხმებები ხშირად გამუქებულია, რაც მათ აღქმასა და დამახსოვრებას აადვილებს.
- მობილური აპლიკაცია: სამწუხაროდ, Appstore-ში და Play Store-ში აპლიკაცია აღარ არის ხელმისაწვდომი. ანდროიდზე აპლიკაციის დაყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია APK ფაილის საშუალებით, iPhone-ის მომხმარებლებს კი მობილურშიც ვებ ვერსიის გამოყენება მოგიწევთ.
- რეკლამები: ვინაიდან სერვისი უფასოა, საიტზე გვხვდება რეკლამები. თუმცა, მათი მოშორება შესაძლებელია რაიმე მარტივი ad blocker-ის დაყენებით.
განსაკუთრებული ფუნქცია: Cambridge Dictionary +Plus (უფასოა!)
ეს კემბრიჯის ლექსიკონის ნამდვილი სუპერძალაა! მარტივი რეგისტრაციის შემდეგ გეხსნება წვდომა +Plus ფუნქციებზე, რომლებიც ლექსიკის სწავლას თამაშად აქცევს:
- პერსონალური სიტყვების სიები (Word Lists): ნებისმიერი საინტერესო სიტყვა შეგიძლია ერთი კლიკით დაამატო შენს პირად სიაში. შესაძლებელია თემატური სიების შექმნა, მაგალითად: “სიტყვები სამსახურისთვის”, “ფრაზული ზმნები” ან “სიტყვები IELTS-ისთვის”.
- ქვიზები და ფლეშქარდები: შენ მიერ შექმნილი სიები ავტომატურად გარდაიქმნება ინტერაქტიულ ქვიზებად ან მეხსიერების ბარათებად (flashcards). ეს სიტყვების დამახსოვრებისა და ცოდნის შემოწმების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სახალისო მეთოდია.
Oxford Advanced Learner's Dictionary
როდესაც საქმე ეხება ინგლისური ენის სიღრმისეულ შესწავლას, ოქსფორდის ლექსიკონი (Oxford Advanced Learner’s Dictionary) უდავო ლიდერია. ეს არის რესურსი მათთვის, ვისაც სურს, ინგლისურ ენას პროფესიონალურ დონეზე დაეუფლოს და ყველა დეტალი სრულყოფილად გაიგოს.
ძირითადი მახასიათებლები
- სიღრმისეული და ზუსტი განმარტებები: ოქსფორდის ლექსიკონი ხშირად უფრო დეტალურ განმარტებებსა და გამოყენების ნიუანსებს გვთავაზობს, რაც ეხმარება მომხმარებელს, სიტყვის მნიშვნელობა სრულყოფილად გაიგოს.
- სინონიმები და გამოყენების მაგალითები: ლექსიკონი მდიდარია სინონიმებით, ანტონიმებითა და გამოყენების მაგალითებით, რაც ლექსიკური მარაგის გამდიდრებას უწყობს ხელს.
- სტრუქტურა და ორგანიზებულობა: თითოეული სიტყვის ჩანაწერი ძალიან კარგად არის სტრუქტურირებული. მნიშვნელობები, მეტყველების ნაწილები, იდიომები და გამოყენების მაგალითები მკაფიოდ არის გამოყოფილი, რაც ინფორმაციის მოძიებას და აღქმას აადვილებს.
- ფასიანი მობილური აპლიკაცია: ოქსფორდის ლექსიკონის ვებგვერდი უფასოა, თუმცა მობილური აპლიკაცია (OALD) თავიდან მხოლოდ დემო ვერსიას გვთავაზობს. სრული ვერსიის გამოწერა ერთი წლით 29.00₾ ჯდება.
განსაკუთრებული ფუნქცია: Oxford 3000™ და Oxford 5000™
ოქსფორდის ლექსიკონის უნიკალური და ძალიან სასარგებლო მახასიათებელია სპეციალურად შერჩეული სიტყვების სიები, რომლებიც ენის ეფექტურად დაუფლებისთვისაა შექმნილი.
- Oxford 3000™: ეს არის ინგლისურ ენაში ყველაზე მნიშვნელოვანი 3000 სიტყვის სია, რომელიც ექსპერტების მიერაა შედგენილი. ამ სიტყვების ცოდნა საკმარისია იმისთვის, რომ ინგლისურენოვანი ტექსტების დაახლოებით 85% გაიგო.
- Oxford 5000™: ეს არის გაფართოებული სია, რომელიც სრულად მოიცავს Oxford 3000-ს და ამატებს კიდევ 2000 სიტყვას, რომლებიც B2-C1 დონისთვისაა საჭირო. ჯამში, ეს 5000 სიტყვა წარმოადგენს იმ ლექსიკურ ბაზას, რომელიც თავისუფალი კომუნიკაციისთვისაა აუცილებელი.
- Key Words: Oxford 3000-ის სიტყვები ლექსიკონში აღნიშნულია სპეციალური გასაღების ნიშნით. როდესაც ამ ნიშანს ხედავ, ეს არის სიგნალი, რომ ეს სიტყვა აუცილებლად უნდა ისწავლო! Oxford 5000-ის სიტყვებს გასაღების ნიშანთან ერთად “+” ნიშანიც აქვს.
აღსანიშნავია, რომ ოქსფორდის ლექსიკონში სიტყვების უმეტესობის განმარტება სწორედ Oxford 3000-ის სიტყვების გამოყენებითაა დაწერილი, რაც მათ გაგებას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
Merriam-Webster Dictionary
თუ შენი მიზანი ამერიკული ინგლისურის სრულყოფილად დაუფლებაა, Merriam-Webster-ის ლექსიკონი შეუცვლელი რესურსია. ეს არის ამერიკის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე სანდო ლექსიკონი, რომელიც ცნობილია თავისი სიზუსტითა და სიტყვის ისტორიის სიღრმისეული ცოდნით.
ძირითადი მახასიათებლები
- ფოკუსი ამერიკულ ინგლისურზე: ბრიტანული ლექსიკონებისგან განსხვავებით, Merriam-Webster უპირატესობას ანიჭებს ამერიკულ მართლწერას, გამოთქმასა და იდიომებს.
- ეტიმოლოგია (სიტყვის წარმოშობა): ამ ლექსიკონის ერთ-ერთი უძლიერესი მხარეა სიტყვის წარმოშობის დეტალური აღწერა. შეგიძლია გაიგო, როდის და როგორ დამკვიდრდა ესა თუ ის სიტყვა ენაში.
- თამაშები და ქვიზები: ლექსიკონის ვებგვერდზე უამრავ თამაშსა და ქვიზს იპოვი, რომლებიც ცოდნის შემოწმებასა და ახალი სიტყვების სწავლაში დაგეხმარებათ.
- უფასო აპლიკაცია: კემბრიჯის მსგავსად, Merriam-Webster-საც აქვს უფასო მობილური აპლიკაცია, რომელიც რეკლამებს შეიცავს. ასევე ხელმისაწვდომია ფასიანი Pro ვერსია რეკლამების გარეშე.
Urban Dictionary: სლენგის ლექსიკონი
თუ ოდესმე ფილმში, სიმღერაში ან სოციალურ მედიაში შეგხვედრია სიტყვა, რომელიც ვერცერთ ოფიციალურ ლექსიკონში ვერ იპოვე, მაშინ Urban Dictionary შენი მხსნელია. ეს არაა ტრადიციული ლექსიკონი. ეს არის მომხმარებლების მიერ შექმნილი, ცოცხალი და მუდმივად ცვალებადი პლატფორმა სლენგის, ინტერნეტ-მიმებისა და თანამედროვე პოპ-კულტურაში გამოყენებული სიტყვების გასაგებად.
ძირითადი მახასიათებლები
- მომხმარებლების მიერ შექმნილი კონტენტი: განმარტებებს წერენ ჩვეულებრივი ადამიანები მთელი მსოფლიოდან. ეს ნიშნავს, რომ აქ ნახავ ენას ისეთს, როგორსაც რეალურ ცხოვრებაში იყენებენ.
- ყოველთვის აქტუალური: ახალი სლენგი თუ ინტერნეტ-გამოთქმა, როგორც წესი, პირველად სწორედ Urban Dictionary-ში ჩნდება, ბევრად ადრე, ვიდრე ის ოფიციალურ ლექსიკონებში მოხვდება.
- იუმორი და სუბიექტურობა: განმარტებები ხშირად სავსეა იუმორით, სარკაზმითა და პირადი მოსაზრებებით. საუკეთესო განმარტებები მომხმარებელთა ხმების მიხედვით ირჩევა.
- ცოცხალი მაგალითები: მაგალითები, როგორც წესი, მოცემულია მოკლე დიალოგების სახით და აღებულია რეალური საუბრებიდან, ფილმებიდან ან სოციალური ქსელებიდან, რაც სიტყვის გამოყენების გაგებას აადვილებს.
რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად
Urban Dictionary შეუცვლელია თანამედროვე, არაფორმალური ენის გასაგებად, მაგრამ ის სიფრთხილით უნდა გამოიყენო. რადგან განმარტებებს ნებისმიერი ადამიანი ამატებს, ისინი შეიძლება იყოს სუბიექტური, არაზუსტი, ვულგარული ან შეურაცხმყოფელიც კი. ის არასდროს უნდა გამოიყენო აკადემიური ან პროფესიული მიზნებისთვის.
სხვა პოპულარული ლექსიკონები
გარდა ამ სამი გიგანტისა, არსებობს რამდენიმე სხვა შესანიშნავი ლექსიკონი, რომლებიც ასევე იმსახურებენ ყურადღებას:
Longman Dictionary of Contemporary English
Longman-ის ლექსიკონი ცნობილია სიტყვათშეთანხმებებზე განსაკუთრებული ფოკუსით და იმით, რომ ყველა განმარტება მხოლოდ 2000 ყველაზე გავრცელებული სიტყვითაა დაწერილი. გარდა ამისა, ამ ლექსიკონის ერთი სასარგებლო ფუნქცია ისაა, რომ თითოეული მაგალითის სრულად მოსმენაა შესაძლებელი.
Dictionary.com
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ ლექსიკონი, რომელიც გამოირჩევა თავისი უზარმაზარი ბაზითა და დამატებითი ფუნქციებით. ის მჭიდროდ არის ინტეგრირებული Thesaurus.com-თან, რაც მას სინონიმებისა და ანტონიმების მოსაძებნად იდეალურ ინსტრუმენტად აქცევს. გარდა ამისა, ის გთავაზობთ “დღის სიტყვას”, უამრავ ქვიზს, გრამატიკულ სტატიებსა და სახალისო სექციებს, როგორიცაა სლენგის ლექსიკონი.
Collins Dictionary
Collins-ის ლექსიკონი გამოირჩევა ინგლისური ენის უზარმაზარი კორპუსით (Bank of English), რაც უზრუნველყოფს ყველაზე თანამედროვე და რეალური მაგალითების არსებობას. ამ ლექსიკონის განსაკუთებული მახასიათებელი ისაა, რომ განმარტებები ფორმულირებულია სრული წინადადებების სახით, რაც სიტყვის კონტექსტში გააზრებას აადვილებს.
ინგლისურ-ქართული ლექსიკონები
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავარი რეკომენდაცია ინგლისურ-ინგლისური ლექსიკონების გამოყენებაა, არ შეიძლება არ ვახსენოთ ორენოვანი ლექსიკონები, რომლებსაც თავისი ადგილი და ფუნქცია აქვთ. ყველაზე კარგი ინგლისურ ქართული ლექსიკონი არის dictionary.ge. ასევე გვაქვს translate.ge, რომელსაც აქვს როგორც ინგლისურ-ქართული, ისე – ქართულ-ინგლისური რეჟიმი.
- დადებითი მხარეები: ორენოვანი ლექსიკონის მთავარი უპირატესობა სისწრაფეა. ის შეგიძლია გამოიყენო, როცა უბრალოდ სიტყვის სწრაფი თარგმანი გჭირდება და კონტექსტის გარჩევის დრო არ გაქვს. ასევე, ის შეიძლება სასარგებლო იყოს დამწყებთათვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ და ინგლისური განმარტებები ჯერ კიდევ რთული აღსაქმელია.
- უარყოფითი მხარეები: მთავარი მინუსი კონტექსტის სრული იგნორირებაა. ის ვერასდროს აგიხსნის სიტყვის გამოყენების ნიუანსებს, სტილს ან მასთან დაკავშირებულ ფრაზებს. ამასთან, ის ხელს უწყობს გონებაში მუდმივ თარგმნას და აფერხებს ინგლისურად აზროვნების უნარის განვითარებას. გარდა ამისა, ორენოვანი ლექსიკონები სერიოზულად მოიკოჭლებენ დიზაინში და ინფორმაციის ვიზუალური სტრუქტურირების ნაწილში.
დასკვნა
საბოლოო ჯამში, იდეალური ლექსიკონი არ არსებობს. საუკეთესო ის არის, რომელსაც შენ ყველაზე ხშირად გამოიყენებ და დაუმუღამებ. გირჩევთ, მოსინჯო რამდენიმე მათგანი, ნახო, რომელი ინტერფეისი და ფუნქციები მოგწონს ყველაზე მეტად და აქციოთ ის შენს ყოველდღიურ კომპანიონად ენის შესწავლის საინტერესო გზაზე.


