ენის სწავლა ხშირად ასოცირდება მოსაწყენ სახელმძღვანელოებთან, გრამატიკულ სავარჯიშოებთან და სიტყვების დაზეპირებასთან. თუმცა, თანამედროვე სამყაროში არსებობს მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ენის სწავლა შეიძლება ვაქციოთ საინტერესო და სახალისო პროცესად. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ასეთი მეთოდი არის ფილმებისა და სერიალების ყურება ინგლისურად.
რას ნახავ ამ ბლოგში
რატომ არის ფილმები საუკეთესო “მასწავლებელი”?
ფილმების საშუალებით ინგლისურის სწავლა განსაკუთრებით ეფექტურია რამდენიმე მიზეზის გამო:
- ცოცხალი, სასაუბრო ენა: სახელმძღვანელოებში ხშირად ვხვდებით აკადემიურ, ზოგჯერ მოძველებულ კონსტრუქციებს. ფილმებში კი გესმის ის ენა, რომელზეც რეალური ადამიანები საუბრობენ ქუჩაში, ოფისში თუ მეგობრულ წრეში. სწავლობ სლენგს, იდიომებსა და შემოკლებებს.
- სასიამოვნო პროცესი: ფილმების ყურება არის საინტერესო და სახალისო პროცესი, რომელიც გიზრდის მოტივაციას და სწავლას ნაკლებად სტრესულს ხდის. ამ გზით შეგიძლია თან ენის ცოდნა გაიღრმავო და თან ისიამოვნო ფილმის ყურებითაც.
- კონტექსტი: ტვინი ბევრად უკეთ იმახსოვრებს სიტყვას, როდესაც მას კონკრეტულ ემოციასთან, ვიზუალურ გამოსახულებასთან ან სიტუაციასთან აკავშირებს. როდესაც პერსონაჟი ყვირის “Get out!”, შენ აღარ გჭირდება თარგმანი – კონტექსტი ყველაფერს გეუბნება.
- გამოთქმა და ინტონაცია: ფილმების ყურებისას ქვეცნობიერად ითვისებ აქცენტს, სიტყვების სწორ მახვილებს და წინადადების რიტმსა და მელოდიას.
- კულტურული ასპექტები: ენა კულტურის განუყოფელი ნაწილია. ფილმები გვაჩვენებს სოციალურ ნორმებს, იუმორს და იმ ნიუანსებს, რაც მხოლოდ ინგლისურენოვანი ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.
სწორი ფილმის შერჩევა
ყველა ფილმი თანაბრად სასარგებლო არ არის სწავლის სხვადასხვა ეტაპზე. ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ, არის ზედმეტად რთული ფილმების არჩევა, რაც მხოლოდ იმედგაცრუებას და დემოტივაციას იწვევს. ფილმის შერჩევის დროს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, გაითვალისწინო შენი ინგლისურის დონე. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია აირჩიო ფილმები, რომლებიც შენს ინტერესებს შეესაბამება. ფილმის ყურება არ უნდა ასოცირდებოდეს მეცადინეობასთან.
ზოგადად, ენის სასწავლად საუკეთესო ჟანრებია დრამები და მელოდრამები, კომედიები, სათავგადასავლო ფილმები და ცხოვრებისეულ ისტორიებზე დაფუძნებული ფილმები. მოერიდე ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკას ან ისტორიულ დრამებს დასაწყისისთვის, რადგან იქ გამოყენებული სიტყვების დიდი ნაწილი ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად გამოგადგება.
ფილმები დამწყებებისთვის
დამწყებ დონეზე (A1-A2) განსაკუთრებით კარგია მულტფილმები (დისნეი, პიქსარი). მათში ენა არის მარტივი, განმეორებადი და პროგნოზირებადი. პერსონაჟები საუბრობენ ნელა და მკაფიოდ, მოქმედება ხშირად ახსნილია ვიზუალურად. ასევე კარგია საბავშვო ან სათავგადასავლო ფილმები, სადაც ყოველდღიური ფრაზები ჭარბობს.
- Finding Nemo: მარტივი ენის, მკაფიო გამოთქმების და ადვილად გასაგები სიუჟეტის გამო ეს ანიმაციური ფილმი იდეალურია დამწყებთათვის. პერსონაჟები ხშირად იმეორებენ ფრაზებს. ლექსიკა მოიცავს ცხოველებს, ფერებს და მარტივ ემოციებს.
- Toy Story: აქ შეხვდები უამრავ ყოველდღიურ ნივთს. დიალოგები პირდაპირია, ყოველგვარი რთული მეტაფორების გარეშე. განსაკუთრებით კარგია სივრცითი მიმართებების (ზევით, ქვევით, შიგნით) სასწავლად. თან ამ ანიმაციას რამდენიმე ნაწილი აქვს და ყველა ახალი ნაწილი წინაზე უკეთესია.
- The Lion King: კიდევ ერთი შესანიშნავი არჩევანი მკაფიო დიალოგებითა და ნაცნობი სიუჟეტით. დიალოგები ნელია და თითოეულ სიტყვას გარკვევით წარმოთქვამენ. სიმღერების საშუალებით ყურს აჩვევ რითმასა და ინტონაციას.
- Shrek: ფილმში ბევრი იუმორია, რომელიც ვიზუალურადაც ნაჩვენებია. ეს დაგეხმარება, რომ სიტყვა-სიტყვით თარგმნის გარეშე მიხვდე ხუმრობის არსს.
- Madagascar: აქცენტი კეთდება მეგობრობაზე, გეგმებზე და მოგზაურობაზე. პერსონაჟების ემოციები გადაჭარბებულია, რაც გეხმარება ინტონაციის მნიშვნელობის გაგებაში.
- Home Alone: სიუჟეტი თითქმის ყველამ ვიცით ზეპირად, რაც საშუალებას გაძლევს ყურადღება გადაიტანო უშუალოდ ფრაზებზე. ფილმი სავსეა მოკლე, ბრძანებითი წინადადებებით და ყოველდღიური მარტივი ფრაზებით (“Leave me alone!”, “Keep the change!”).
- E.T. the Extra-Terrestrial: ფილმში ბავშვები უცხოპლანეტელს ენას ასწავლიან და შენც მათთან ერთად სწავლობ ბევრ ახალ სიტყვას.
ფილმები საშუალო დონისთვის
საშუალო დონეზე (B1-B2) უკვე შეგიძლია გაიგო კონტექსტი, ამიტომ შეგიძლია უყურო რომანტიკულ კომედიებს, დრამებსა და სათავგადასავლო ფილმებს. აქ შეხვდები უფრო მეტ სლენგს, ფრაზულ ზმნასა და იდიომას და ეჩვევი ბუნებრივი საუბრის ტემპს.
- Forrest Gump: მთავარი პერსონაჟი საუბრობს ძალიან ნელა და მკაფიოდ. ამის გამო ეს ფილმი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ ენის შესასწავლად. ფილმი ასევე გვთავაზობს კულტურულ და ისტორიულ ცოდნას.
- Harry Potter: ჰარი პოტერის სერიის პირველი ორი ფილმი ბავშვებისთვისაა გადაღებული, ამიტომ მსახიობები ძალიან გარკვევით საუბრობენ. სერია სულ 8 ფილმს მოიცავს, რომლებშიც სიუჟეტი და ენა თანდათანობით რთულდება, რაც ძალიან გეხმარება ენის ნაბიჯ-ნაბიჯ გაუმჯობესებაში.
- Groundhog Day: ფილმში ბევრჯერ მეორდება ერთი და იგივე სიუჟეტი, რაც ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე დიალოგებს სხვადასხვა ვარიაციით მოისმენ. ეს საუკეთესო გზაა ფრაზების ქვეცნობიერში დასალექად.
- The Holiday: ქეით ვინსლეტი (ბრიტანელი) და კამერონ დიასი (ამერიკელი) ერთმანეთისგან განსხვავებული ტემპითა და აქცენტით საუბრობენ. ეს საუკეთესო მასალაა ამ ორ დიალექტს შორის განსხვავების დასანახად.
- The King’s Speech: მკაფიო, გამართული დიალოგისა და ისტორიული კონტექსტის გამო ეს ფილმი იდელურია საშუალო დონის შემსწავლელთათვის. ფილმი ეხება ადამიანს, რომელიც ცდილობს დაძლიოს ენის ბორძიკი. შენ მსახიობთან ერთად გაივლი არტიკულაციის სავარჯიშოებს, რაც შენს გამოთქმაზეც დადებითად აისახება.
- The Devil Wears Prada: თუ გინდა ისწავლო კარიერული და კორპორაციული ინგლისური, ბრძანებები და სამუშაო გარემოში გავრცელებული ირონია, ეს ფილმი საუკეთესოა.
- The Truman Show: ფილმში ბევრია “small talk” (მოკლე საუბრები მეზობლებთან, გამყიდველებთან), რაც დაგეხმარება ყოველდღიური კომუნიკაციის გაუმჯობესებაში.
- Inside Out: ეს ანიმაცია ძალიან სახალისოა და ამავდროულად ფსიქოლოგიურად ძალიან ღრმაა. ის ხსნის რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობებს (სევდა, ბრაზი, შიში) ძალიან მარტივი და ვიზუალური ენით. ფილმი გასწავლის, როგორ გამოხატო ემოციები, გრძნობები და შინაგანი მდგომარეობა ინგლისურად. სერიაში მეორე ფილმიცაა, რომელსაც ახალი ემოციები და განცდები შემოაქვს და ასევე იდეალურია ლექსიკის გასამდიდრებლად.
- The Hunger Games: ფილმების ეს სერია გვთავაზობს თანამედროვე ამერიკულ ინგლისურს, რომელიც არ არის გადატვირთული ზედმეტი სლენგით. აქ შეხვდებით როგორც ოფიციალურ, ისე გადარჩენისთვის საჭირო პრაქტიკულ ლექსიკას.
- Juno: იდეალურია მათთვის, ვისაც სურს გაიგოს, როგორ საუბრობენ ამერიკელი ახალგაზრდები. ფილმი სავსეა თანამედროვე სლენგით, რომელიც წიგნებში არ წერია.
ფილმები მაღალი დონისთვის
მაღალ დონეზე (C1-C2) მყოფი შემსწავლელების მიზანია ენის ნიუანსების, კულტურული კოდებისა და სპეციფიკური კონტექსტის სრული აღქმა. ამ დონეზე უკვე ნებისმიერი ფილმის ნახვა შეგიძლია ინგლისურად, მაგრამ მნიშვნელოვანია შეარჩიო ისეთი ფილმები, რომლებიც შენს ინგლისურს გააუმჯობესებს.
- სლენგი და “ქუჩური” მეტყველება: ეს ფილმები დაგეხმარება გაიგო, როგორ საუბრობენ ადამიანები რეალურ, არაფორმალურ გარემოში. აქ შეხვდები უამრავ შემოკლებას, ჟარგონს, კრიმინალურ ტერმინოლოგიას და ენის იმ “ცოცხალ” ფორმებს, რომლებიც სახელმძღვანელოებში არ გვხვდება. ეს ფილმები დაგეხმარება ამერიკული თუ ბრიტანული ურბანული კულტურის გასაგებად. ასეთი ფილმებია: Pulp Fiction, Trainspotting, Menace II Society, Reservoir Dogs.
- რეგიონული ბრიტანული აქცენტები: ბრიტანული ინგლისური საოცრად მრავალფეროვანია. ეს ფილმები ორიენტირებულია ისეთ მძიმე აქცენტებზე, როგორიცაა ქოქნი (ლონდონი), მანჩესტერული თუ შოტლანდიური დიალექტები. ამ ფილმების სუბტიტრების გარეშე გაგება თავიდან შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოს. ასეთი ფილმებია: Snatch, This is England, Billy Elliot, Lock, Stock and Two Smoking Barrels.
- იუმორი, სარკაზმი და სიტყვებით თამაში: იუმორის გაგება უცხო ენაზე ყველაზე რთული ეტაპია. ეს ფილმები სავსეა ლინგვისტური ხუმრობებით, ორმაგი მნიშვნელობის მქონე ფრაზებითა და სარკაზმით, რაც დაგეხმარებათ ენის “ხასიათის” უკეთ შეგრძნებაში. ასეთი ფილმებია: Annie Hall, Monty Python and the Holy Grail, The Big Lebowski, In Bruges.
- ფსიქოლოგიური ნიუანსები და ემოციური ინტელექტი: აქ მთავარია არა ის, თუ რას ამბობენ, არამედ ის, თუ როგორ ამბობენ. აქცენტი კეთდება პერსონაჟების შინაგან მონოლოგებზე, ემოციურ მანიპულაციასა და იმ გაუჟღერებელ აზრებზე, რომლებიც დიალოგების მიღმა იმალება. ფილმები დაგეხმარება აითვისო ისეთი ნატიფი ლექსიკა, რომელიც ადამიანური ხასიათის, მოტივაციებისა და რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობების აღსაწერად გამოიყენება. ასეთი ფილმებია: Eternal Sunshine of the Spotless Mind, Birdman, Arrival, Memento.
- ბიზნესი და კორპორატიული კულტურა: იდეალურია მათთვის, ვინც ინგლისურს კარიერული წინსვლისთვის სწავლობს. ისწავლი მოლაპარაკებების ენას, კორპორატიულ იერარქიასთან დაკავშირებულ ფრაზებსა და ფინანსურ ტერმინოლოგიას. ასეთი ფილმებია: The Wolf of Wall Street, Moneyball, The Big Short, Margin Call.
- პოლიტიკური დიპლომატია და ორატორობა: ეს ფილმები დაგეხმარება გაიგო ძალაუფლების ენა. აქ შეხვდები დახვეწილ დიპლომატიურ ფრაზებს, საჯარო გამოსვლების სტილისტიკასა და პოლიტიკურ ინტრიგებს, სადაც ყოველ სიტყვასა და პაუზას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასეთი ფილმებია: Lincoln, The Ides of March, Vice, Darkest Hour.
- სამეცნიერო-ტექნოლოგიური და აბსტრაქტული ენა: იდეალურია მათთვის, ვისაც აინტერესებს მაღალი ტექნოლოგიები, ფიზიკა თუ ფილოსოფიური კონცეფციები. დიალოგები დატვირთულია სპეციფიკური ტერმინებით და მოითხოვს აბსტრაქტული მსჯელობის ინგლისურად აღქმის უნარს. ასეთი ფილმებია: Inception, Interstellar, The Theory of Everything, Primer.
- იურიდიული და სასამართლო რიტორიკა: ამ ფილმებში აქცენტი კეთდება ფორმალურ, არგუმენტირებულ და დამაჯერებელ მეტყველებაზე. ისწავლი სპეციფიკურ იურიდიულ ტერმინოლოგიას, კამათის ხელოვნებას და იმას, თუ როგორ უნდა ააგო ლოგიკური ჯაჭვი მსჯელობისას. ასეთი ფილმებია: 12 Angry Men, A Few Good Men, The Trial of the Chicago 7, Philadelphia.
- ისტორიული და არქაული ინგლისური: თუ გაინტერესებს, როგორ საუბრობდნენ მე-18 თუ მე-19 საუკუნეში, ეს კატეგორია შენთვისაა. აქ შეხვდები უფრო რთულ გრამატიკულ კონსტრუქციებს, ფორმალურ ეტიკეტს და სიტყვებს, რომლებიც თანამედროვე მეტყველებაში იშვიათია. ასეთი ფილმებია: Pride & Prejudice, The Favourite, Shakespeare in Love, Sense and Sensibility.
სერიალების უპირატესობა ფილმებთან შედარებით
სერიალები ინგლისური ენის შესწავლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა, რადგან ისინი ენობრივ გარემოსთან ხანგრძლივ და თანმიმდევრულ კავშირს უზრუნველყოფენ. მხატვრული ფილმისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ ორი საათი გაქვს პერსონაჟების აქცენტთან და მეტყველების სტილთან შესაჩვევად, სერიალში ეს პროცესი ათეულობით ეპიზოდზეა გადანაწილებული. სერიალის ყურება შეიძლება დაიწყო ტიტრებით, მაგრამ რამდენიმე სერიის შემდეგ იმდენად ეჩვევი პერსონაჟების საუბრის სტილს, რომ უკვე შეგიძლია ტიტრების გარეშე გააგრძელო.
გარდა ამისა, სერიალების ფორმატი ტვინისთვის გაცილებით ნაკლებად დამღლელია. მოკლე, 20-30 წუთიანი ეპიზოდები საშუალებას გაძლევს, შეინარჩუნო კონცენტრაცია და არ “გაითიშო” რთული დიალოგების გამო, რაც ხშირად ხდება ხანგრძლივი ფილმების ყურებისას. როგორც წესი, სერიალებსა და სატელევიზიო შოუებს არაერთი სეზონი აქვთ და ეს ძალიან გეხმარება შეინარჩუნო სტაბილურობა და ყოველდღე არ მოგიწიოს ახალი ფილმის ძიება.
სერიალები, განსაკუთრებით სიტკომები, ასახავს რეალურ, ცოცხალ მეტყველებას, რომელიც სავსეა იდიომებითა და თანამედროვე სლენგით. ამას სწავლის პროცესი აკადემიური ჩარჩოებიდან ყოველდღიურ კომუნიკაციაში გადააქვს. ფილმები ხშირად ზედმეტად მხატვრული ან სპეციფიკური ენითაა გაჯერებული, სერიალები კი გვაჩვენებს, როგორ საუბრობენ ადამიანები სინამდვილეში – სამზარეულოში, მეგობრებთან თუ სამსახურში.
სერიალები დამწყებებისთვის
- Extr@: ეს სერიალი სპეციალურად ენის შემსწავლელებისთვისაა შექმნილი. პერსონაჟები საუბრობენ ნელა, იყენებენ ბაზისურ ლექსიკას და სიუჟეტიც ისეა აგებული, რომ ვიზუალური ქმედებები ზუსტად ხსნიდეს ნათქვამ ფრაზებს.
- Peppa Pig: ნუ მოგერიდება საბავშვო ანიმაციების, მათში ყველაზე ბაზისური და საჭირო ლექსიკაა გამოყენებული და მოქმედება ზუსტად იმეორებს ნათქვამს, რაც სიტყვების მნიშვნელობის გამოცნობაში გეხმარება. წინადადებები არის მოკლე, მარტივი და გრამატიკულად სწორი, რაც გეხმარებათ ენის საძირკვლის სწორად ჩაყრაში.
სერიალები საშუალო დონისთვის
- Friends: ამერიკული სასაუბრო ინგლისურის “ოქროს სტანდარტი”. აქ ისწავლი უამრავ იდიომას და ფრაზას, რომლებსაც ამერიკელები ყოველდღიურად იყენებენ.
- Modern Family: შესანიშნავია სხვადასხვა აქცენტების მოსასმენად. ის გასწავლის, როგორ გამოიყენო თანამედროვე სლენგი და როგორ გამოხატო ემოციები ბუნებრივად.
- Stranger Things: სათავგადასავლო დრამა, სადაც მოზარდები თანამედროვე, ცოცხალი ენით საუბრობენ. დიალოგები არ არის ზედმეტად რთული, ხოლო სიუჟეტი იმდენად ჩამთრევია, რომ შესაძლებელია უცხო სიტყვების გაგება კონტექსტით.
- The Good Place: პერსონაჟები საუბრობენ ძალიან გარკვევით და არტიკულირებულად. სერიალი გეხმარება შედარებით რთული აზრებისა და ლოგიკური მსჯელობების აღქმაში.
- Planet Earth: სერ დევიდ ატენბოროს ხმა ინგლისური ენის ეტალონად ითვლება. ამ დოკუმენტურ სერიალში ის საუბრობს ძალიან ნელა და მკაფიოდ. ეს საუკეთესო საშუალებაა ისწავლო აღწერილობითი ზედსართავი სახელები, მიეჩვიო დახვეწილ ბრიტანული აქცენტს და აითვისო გეოგრაფიული თუ ბიოლოგიური ტერმინოლოგია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოგადგება.
სერიალები მაღალი დონისთვის
- Sherlock: ბრიტანული ინგლისურის ნამდვილი გამოწვევა. სწრაფი ტემპი, ინტელექტუალური დიალოგები და სპეციფიკური ლექსიკა შენს სმენასა და ყურადღებას მაქსიმალურად დატვირთავს.
- Succession: საუკეთესო არჩევანია ამერიკული ბიზნეს-ინგლისურის, კორპორაციული ჟარგონისა და რთული ქვეტექსტების გასაგებად. დიალოგები გაჯერებულია დახვეწილი ირონიით.
- The Crown: იდეალურია “სამეფო ინგლისურის” შესასწავლად. აქ შეხვდებით ძალიან აკადემიურ, ფორმალურ და მაღალფარდოვან ენას, რომელიც დახვეწილობის პიკია.
- Black Mirror: ანთოლოგიური სერიალი, სადაც ყოველი ეპიზოდი სხვადასხვა თემასა და აქცენტს ეხება, რაც საშუალებას გაძლევს მოერგო ინგლისურის მრავალფეროვან დიალექტებს.
- House of Cards: ამერიკული პოლიტიკური დრამა, რომელიც გაჯერებულია ფორმალური ენით, მანიპულაციური დიალოგებითა და რთული იურიდიული თუ პოლიტიკური ტერმინოლოგიით.
- Cosmos: A Spacetime Odyssey: ამ საოცარ დოკუმენტურ სერიალში ნილ დეგრას ტაისონი გვაცნობს სამყაროს საიდუმლოებებს. სერიალი გასწავლის, როგორ გადმოსცე რთული იდეები მარტივი ენით. აქ შეხვდები როგორც მეცნიერულ ლექსიკას, ისე ფილოსოფიურ მსჯელობებს, რაც შენს მეტყველებას უფრო ინტელექტუალურსა და მრავალფეროვანს გახდის.
სუბტიტრების “ოქროს წესები”
სუბტიტრები ძალიან სასარგებლო საშუალებაა, მაგრამ მათი გამოყენება სტრატეგიულად უნდა მოხდეს.
დამწყებებისთვის თავიდან რეკომენდებულია ქართული სუბტიტრების გამოყენება, რადგან ისინი გვეხმარება იმაში, რომ სიუჟეტის გავიგოთ და არ შევწყვიტოთ ფილმის ან სერიალის ყურება იმედგაცრუების გამო. თუმცა, ისევ მშობლიურ ენაზე ხარ დამოკიდებული, ფილმს უბრალოდ კითხულობ ქართულად და ინგლისური მეტყველება შეიძლება “ფონურ ხმაურად” იქცეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადახვიდე ინგლისურ სუბტიტრებზე.
ინგლისური სუბტიტრები საუკეთესოა საშუალო დონისთვის. ერთდროულად ხედავ და გესმის სიტყვა, რაც გეხმარება იმაში, რომ სიტყვის მართლწერა და გამოთქმა ერთმანეთთან დააკავშირო. სუბტიტრების დახმარებით ნაკლებად გიჭირს რთული სტრუქტურის წინადადებების და სპეციფიკური აქცენტების გაგება. მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ კითხვაზე უფრო მეტად კონცენტრირდე, ვიდრე მოსმენაზე.
მაღალ დონეზე, როცა ფილმის 70-80% გესმის, უკვე კარგი იქნება, რომ სუბტიტრების გარეშე უყურო ფილმებს, რომ ხელი არ შეგიშალოს მოსმენის უნარის განვითარებაში. თუ რამე მნიშვნელოვანი ვერ გაიგე, მხოლოდ მაშინ შეგიძლია დააბრუნო სუბტიტრები რამდენიმე წამით.
აქტიური სწავლის ტექნიკები
ფილმების პასიური ყურებაც კარგია, მაგრამ პროგრესი ამ შემთხვევაში ნელია. თუ გინდა შენი ინგლისური ნახტომისებურად გაუმჯობესდეს, უნდა გამოიყენო აქტიური სწავლის ტექნიკები.
Shadowing მეთოდი
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტექნიკა. როდესაც პერსონაჟი იტყვის ფრაზას ან წინადადებას, დააპაუზე და გაიმეორე ზუსტად იმავე ინტონაციით, აქცენტითა და სიჩქარით. მიაქციე ყურადღება არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ ემოციას, წინადადების რიტმს და იმას, თუ სად აკეთებს პერსონაჟი პაუზას. თავიდან შეგიძლია მოკლე ფრაზების გამეორებით დაიწყო, შემდეგ კი გადახვიდე უფრო გრძელ წინადადებებზე. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია ენობრივი ბარიერის მოსახსნელად და საუბრის უნარის გასავიტარებლად.
სიტყვების და ფრაზების ამოწერა
ამ მეთოდით თითოეულ ფილმზე გაცილებით მეტ დროს ვხარჯავთ, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან ვიმდიდრებთ ლექსიკურ მარაგს და უფრო სიღრმისეულად ვიგებთ ფილმში გამოყენებულ სიტყვებს თუ ფრაზებს.
ფილმის ყურებისას, ყოველ ჯერზე, როდესაც შეამჩნევ ახალ ან საინტერესო სიტყვას, ფრაზას ან იდიომას, ამოიწერე ისინი. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციე ისეთ სიტყვებს და ფრაზებს, რომლებიც ხშირად მეორდება, მნიშვნელოვანია სიუჟეტისთვის ან პირადად შენ გჭირდება ყოველდღიურობაში. სასურველია, გამოიყენო ინგლისურ-ინგლისური ლექსიკონი (მაგალითად, dictionary.cambridge.org).
ახალი სიტყვებისა და ფრაზების ამოსაწერად შეგიძლია გამოიყენო ბლოკნოტი ან ციფრული note-ების აპლიკაცია. ყველაზე ეფექტური მეთოდი არის ამოწერა flashcard-ებზე ანუ პატარა ბარათებზე (ერთ მხარეს სიტყვა, მეორე მხარეს კი განმარტება და მაგალითი), რადგან საშუალებას გვაძლევს, რომ სიტყვები და ფრაზები შემდგომ გავიმეოროთ და არ დაგვავიწყდეს. სცადე ფილმიდან მიღებული სიტყვების და ფრაზების გამოყენება რეალურ საუბრებში. ეს დაგეხმარება სიტყვების აქტიურ ლექსიკონში გადატანაში.
ფილმების გამეორება
ერთი და იმავე ფილმის რამდენჯერმე ყურება ძალიან ეფექტურია ინგლისურის გასავითარებლად. თავიდან შეგიძლია უყურო ქართული სუბტიტრებით, რომ შინაარსი კარგად გაიგო. მეორე ყურებაზე ნაკლებად ხარ ფოკუსირებული შინაარსზე და შეგიძლია უყურო ინგლისური სუბტიტრებით, რომ უფრო მეტად კონცენტრირდე ფრაზების, წინადადებების და მათი სტრუქტურის კარგად აღქმაზე. მესამედ უკვე შეგიძლია უყურო სუბტიტრების გარეშე და ჩართო ისინი მხოლოდ მაშინ, როცა რაღაც ძალიან გაუგებარია.
დაპაუზება და გადახვევა
ნუ შეგეშინდება პაუზის ღილაკის. თუ რაღაც ვერ გაიგე, დაბრუნდი 10 წამით უკან. შეგიძლია ერთი და იგივე მონაკვეთი რამდენჯერმე გაიმეორო, სანამ ყური კარგად არ დაიჭერს ყველა ბგერას.
ხშირი შეცდომები, რომლებიც უნდა ავიცილოთ
ფილმებით ინგლისურის სწავლა ძალიან ეფექტურია მხოლოდ მაშინ, თუ სწორად იყენებ ამ მეთოდს. ისეც ხდება, რომ ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში უყურებს ფილმებს და სერიალებს და მაინც ვერ აუმჯობესებს ენას. არსებობს რამდენიმე კლასიკური შეცდომა, რომლებიც პრაქტიკულად “ბლოკავს” პროგრესს. თუ ამ შეცდომებს თავიდან აიცილებ, შენი შედეგი ბევრად უფრო სწრაფი და თვალსაჩინო იქნება.
- ძალიან რთული ფილმების არჩევა: თუ თითქმის არაფერი გესმის, ტვინი უბრალოდ ითიშება. ენის სწავლა ხდება მაშინ, როცა რაღაც ნაწილს იგებ და დანარჩენს კონტექსტით ავსებ.
- ყველა უცნობი სიტყვის ამოწერა: ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და არაეფექტური მიდგომაა. თუ ყოველ სიტყვაზე ჩერდები, პროცესს კარგავ. ბევრად უკეთესია ყურადღება გაამახვილო ხშირად განმეორებად და რეალურად სასარგებლო ფრაზებზე.
- პასიური ყურება: თუ უბრალოდ უყურებ როგორც გასართობს და არ აქცევთ ყურადღებას ენას, პროგრესი მინიმალურია. ენის სწავლა მოითხოვს აქტიურ ჩართულობას – ყურადღებით მოსმენას, დაკვირვებას და გააზრებას.
- მოსმენის ჩანაცვლება კითხვით: თუ თვალები მუდმივად სუბტიტრებზე გაქვს, მოსმენის უნარი პრაქტიკულად არ ვითარდება.
- პაუზის გარეშე ყურება: ბევრს ჰგონია, რომ “ნამდვილი სწავლა” ნიშნავს შეუჩერებლად ყურებას. სინამდვილეში, დაპაუზება და გამორება ხშირად ძალიან გვეხმარება გაგებასა და გააზრებაში.
- სწრაფი შედეგის მოლოდინი: ბევრს ჰგონია, რომ რამდენიმე სერიალის ყურების შემდეგ თავისუფლად დაიწყებს საუბარს. რეალურად, ეს არის პროცესი, რომელიც მოითხოვს დროს, მოთმინებას და სისტემატურობას.
საუკეთესო აპლიკაციები და სხვა რესურსები ფილმებით ინგლისური ენის გასაუმჯობესებლად
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში არსებობს მრავალი აპლიკაცია და პლატფორმა, რომლებიც ფილმების გამოყენებით ინგლისურის სწავლაში დაგეხმარება. ეს აპლიკაციები გთავაზობს სტრუქტურირებულ და ინტერაქციულ მეთოდებს ენობრივი უნარების გასაუმჯობესებლად, რაც სწავლის პროცესს როგორც ეფექტურს, ისე სასიამოვნოს ხდის.
Lingopie
Lingopie ენის შემსწავლელი უნიკალური აპლიკაციაა, რომელიც აერთიანებს სატელევიზიო შოუებისა და ფილმების ვრცელ ბიბლიოთეკას.
- ინტერაქციული სუბტიტრები: შეგიძლია დააწკაპუნო სუბტიტრების ნებისმიერ სიტყვაზე, რომ ნახო მისი განმარტება და მოისმინო როგორ წარმოითქმის.
- ბარათები (flashcards): როდესაც დააწკაპებ სიტყვაზე მისი მნიშვნელობის გასაგებად, სისტემა ავტომატურად ამატებს ამ სიტყვას შენს პერსონალიზებულ ფლეშბარათების კოლექციაში. შეგიძლია ნებისმიერ დროს გახსნა ეს კოლექცია, გადახედო და გაიმყარო ნასწავლი ლექსიკა.
- ტესტები: ტექსტები გაძლევს საშუალებას შეამოწმო რამდენად კარგად დაისწავლე ახალი სიტყვები და ფრაზები.
FluentU
FluentU არის მობილური აპლიკაცია, რომელიც იღებს რეალურ ვიდეოებს – მუსიკალურ კლიპებს, ფილმის ნაწყვეტებს, ტრეილერებს, სიახლეებსა და შთამაგონებელ გამოსვლებს – და აქცევს მათ ენის შესასწავლ გაკვეთილებად.
- კონტექსტური ლექსიკონი: როდესაც სიტყვას აჩერებ, FluentU გაჩვენებს არა მხოლოდ თარგმანს, არამედ იმასაც, თუ როგორ გამოიყენება ეს სიტყვა სხვა ვიდეოებში.
- ინტერაქციული ქვიზები: ვიდეოს ნახვის შემდეგ პლატფორმა გთავაზობს ტესტებსა და სავარჯიშოებს, რათა დარწმუნდეს, რომ მასალა ნამდვილად აითვისე.
- პერსონალიზაცია: აპლიკაცია სწავლობს შენს დონეს და გთავაზობს ვიდეოებს, რომლებიც ზუსტად შეესაბამება შენს ცოდნას.
- ვიდეო-ბიბლიოთეკა: კონტენტი დაყოფილია კატეგორიებად (ბიზნესი, გართობა, მეცნიერება), რაც საშუალებას გაძლევს ისწავლო ის თემატიკა, რომელიც გაინტერესებს.
Yabla
Yabla გთავაზობს ავთენტურ ვიდეო კონტენტს ენის შემსწავლელთათვის, მათ შორის სატელევიზიო შოუებს, ინტერვიუებსა და დოკუმენტურ ფილმებს.
- ნელი დაკვრის რეჟიმი: შეგიძლიათ შეანელოთ ვიდეო, რაც გეხმარებათ სწრაფად წარმოთქმული ფრაზების გარჩევაში.
- ინტერაქციული ლექსიკონი: შეგიძლია დააწკაპუნო სუბტიტრების ნებისმიერ სიტყვაზე განმარტებებისა და გამოყენების მაგალითების სანახავად.
- Dictation Game: ეს არის უნიკალური ფუნქცია, სადაც უნდა ჩაწერო ის, რაც ვიდეოში გესმი. ეს საუკეთესო მეთოდია მოსმენის უნარის გასავარჯიშებლად.
- Loop ფუნქცია: შეგიძლიათ მონიშნოთ კონკრეტული სეგმენტი და ატრიალოთ წრეზე მანამ, სანამ თითოეულ ბგერას არ გაარჩევთ.
- აქცენტების მრავალფეროვნება: პლატფორმაზე ნახავ ვიდეოებს სხვადასხვა რეგიონული აქცენტით (ბრიტანული, ამერიკული, ავსტრალიური).
Language Reactor (ყოფილი Language Learning with Netflix)
ეს არის Chrome extension, რომელიც რადიკალურად ცვლის შენს გამოცდილებას ისეთ პოპულარულ საიტებზე, როგორიცაა Netflix და Youtube.
- სუბტიტრების პანელი: მარჯვენა მხარეს გამოაქვს მთლიანი სკრიპტი, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერ წინადადებაზე გადახტომა ან კონკრეტული ფრაზის ხელახლა მოსმენა.
- ავტომატური პაუზა: შეგიძლიათ დააყენოთ ფუნქცია, რომ ვიდეო ყოველი ფრაზის შემდეგ გაჩერდეს, რათა მოასწროთ მისი გააზრება, წაკითხვა ან გამეორება.
- მრავალენოვანი მხარდაჭერა: თუ ვიდეოს აქვს ქართული სუბტიტრები, Language Reactor საშუალებას გაძლევს გამოიყენოთ ისინი ინგლისურთან ერთად.
- ექსპორტი: საშუალებას გაძლევთ შეინახოთ სიტყვები და ფრაზები, დააექსპორტო და გადაიტანო ისინი Quizlet-ში, Anki-ში ან სხვა flashcard აპლიკაციაში შემდგომი გამეორებისთვის.
“Ბექას სკოლის” და “კავეას” კინოკლუბი
უკვე მეოთხე წელია, რაც ინგლისური ენის ცენტრი “Ბექას სკოლა” და “კავეა” კინომოყვარულებს ინგლისურენოვან კინოკლუბს სთავაზობს. თვეში ორჯერ “გალერია თბილისის” კავეას ფილიალში, ახალგამოსული ჰოლივუდის ფილმები შეგიძლია ნახო ინგლისურად სრულიად უფასოდ. კინოჩვენება იმართება ყოველ მეორე სამშაბათს, საღამოს 19:30 საათზე. ჩვენებების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად იდება “ბექას სკოლის” facebook გვერდზე.
ჩვენებაზე ნებისმიერი მსურველისთვის დასწრება სრულიად უფასოა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ დარბაზში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, აუცილებელია, მარტივი ონლაინ რეგისტრაცია გაიარო.


